სიახლეები

25 ნოემბერი 2021

სპეციალური ოპერაციების ძალებმა 22 წლის იუბილე აღნიშნა

მუხროვანში, საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების 22 წლის იუბილე აღინიშნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და იუბილე მიულოცეს. 

თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ სპეციალური ოპერაციების ძალები არის ის სამაგალითო შენაერთი, რომელიც ეამაყება და ეიმედება ჩვენს ქვეყანას. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა სპეციალური ოპერაციების ძალების პროფესიონალიზმი და განვითარებისკენ სწრაფვა. მან სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების საქმეში სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის - აშშ-სა და მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერაზეც ისაუბრა. 

სამხედროები იუბილეზე საშტატო იარაღითა და სამკერდე ნიშნებით დაჯილდოვდნენ. ამერიკელ და ქართველ სამხედროებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაზე სტუმრებმა სპეცდანიშნულების ძალების საბრძოლო ტექნიკა, აღჭურვილობა და შეიარაღება დაათვალიერეს, მათ შორის იყო სსსტც "დელტას" მიერ წარმოებული უახლესი განტვირთვისა და ჯავშანდაცვისმოდულური სისტემა, თანამედროვე ტაქტიკური ჩაფხუტი და მოდერნიზებული ავტომატური შაშხანები.

ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის სასროლეთზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. სამხედროებმა რეიდის ოპერაციისას საბრძოლო ვაზნებით, ყუმბარმტყორცნით და სნაიპერული გასროლით, პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება და დაჭრილების ევაკუაცია განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს დასრულდა "გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების" (JCET) კულმინაციური ფაზა, სადაც აშშ-ის და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები და საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აისის" და "გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის" წარმომადგენლები.