სიახლეები

20 ნოემბერი 2021

ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლის ვიზიტი საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებში

საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი იმყოფებოდა.  გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორს ვაშლიჯვრის სამხედრო  ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა თემურ ყლატეიშვილმა უმასპინძლა. 

გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორის საქართველოში ვიზიტი აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის განხორციელების პრაქტიკულ ნაბიჯს წარმოადგენს და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.

მხარეებმა ყურადღება საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებისა და აშშ-ის ევროპის სარდლობას შორის არსებულ თანამშრომლობაზე გაამახვილეს, განიხილეს სასწავლო წვრთნის "წინააღმდეგობის გაწევის ოპერატიული კონცეფციის" მიმდინარეობა და სამომავლო პერსპექტივები. ევროპის სპეციალური ოპერაციების სარდლობა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები, როგორც ურყევი პარტნიორები, ერთად გადიან სწავლებას, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ საომარი მოქმედებების თეატრის შიდა ოპერაციების, არამედ მთელი საზოგადოების წინააღმდეგობის გაუმჯობესებისაკენ, რაც სპეციალური ოპერაციების სასიცოცხლო კომპონენტია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა, ერთობლივი სწავლებები და აქტივობები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობისაა.